Posts Tagged ‘სიყვარული’


საერთოდ პოსტებს უცებ ვწერ ხოლმე, დიდ ხანს არ მეფიქრება, ვერ გავხსნი ცარიელ ფურცელს და ვერ დავიწყებ ფიქრს,რა დავწერო-მეთქი,

თავისით უნდა მოვიდეს სიტყვები,ან მე თვითონ გავიგონო,საკუთარ თავზე გამოვცადო,  სადმე  წავიკითხო და დამაფიქროს ამ თემაზე,

შესაბამისად განვავრცობ მერე პოსტში.

დღესაც ასე ხდება, ვიღაცამ იკითხა რა არისო ურთიერთობა, რა არის და

როცა მე და შენ ერთმანეთს თვალებში როგორც იქნა ჩემი ფხუკუნის გარეშე ვუყურებთ,

როცა ხელს მკიდებ და ვგრძნობ როგორ ვთბები,

როცა ჩემი გასაჭირი გულთან მიგაქვს და მირჩევ როგორ მოვიქცე,

როცა ჩვენ გარშემო ყველა ერთმანეთს იცნობს,

როცა მე შენზე ვფიქრობ, შენ კი ამას გრძნობ.

როცა ვიცი, რომ არ ვარ მარტო და როცა შენც იცი ეს.

როცა მე შენზე ზრუნვას ვიწყებ,

პატივს გცემ,

ჩემს თვალში ფასი გედება, როგორც პიროვნებას,

როგორც მამაკაცს და არა ბიჭს.

როცა ჩვენთვის ტაბუ არ არსებობს,

და როცა ამაში ვნება ერევა.

როცა ჩემი რომანტიული სურვილები შენ გიკავშირდება,

და ჩემი მოთხოვნილება ხდები,

როცა წარმოდგენა იმისა, რომ არსებობს ვიღაც სხვა_ჩემში იმხელა ტკივილს იწვევს, რომ შემიძლია დანით დავისერო სხეული და არაფერი ვიგრძნო.

როცა შენზე ვფიქრობ და 20წლის მერეც გხედავ.

როცა შენ იცი რაც ვარ და როგორიც ვარ,

და მაინც აქ ხარ.

ლხინშიც და

ჭირშიც.

აი ესაა ურთიერთობა.

ნეტა როდისმე მექნება მსგავსი გრძნობის განცდის შანსი?

Advertisements

მარტი არა, აპრილია შენი თვე: აყვავებული ხეებით და ჩიტების ჟივილ-ხივილით..

გაღიმებული მზით და მიწის სუნით გამთბარი ჰაერით.

აპრილია შენი და შენნაირი.

შენსავით თბილი, კეთილი, ღიმილიანი, მხიარული, მზრუნველი.

ხანდახან ისე ძნელია, ღმერთო,

ისე ძნელია..

როცა არ იცი რჩევა ვის ჰკითხო,

კიარადა როცა გინდა, რომ მარტო მისი პასუხი იცოდე, თორემ რჩევას ყველა მოგცემს. როცა გინდა, რომ ხანდახან გეჩხუბოს არეული ოთახის გამო, სახლში დაგვიანებისას დაგირეკოს და გკითხოს, სად ხარ, ხომ არაფერი გიჭირს.

ან შენი საყვარელი ნამცხვარი დაგახვედროს სამსახურიდან მოსულს.

როცა გეშინია და მხოლოდ მან გინდა რომ ამ შიშის შესახებ იცოდეს.

როცა გინდა, რომ უბრალოდ ქალურად დაელაპარაკო.

მოუყვე როგორ შეგიყვარდა, როგორ გაწყენინეს და დარცხვენილმა მოისმინო მისი დატუქსვა.

დღიურში იწერო მის მიერ მომზადებული სადილის რეცეპტი.

უყიდო ლამაზი წითელი ზედატანი, რომელიც შენც ძალიან მოგწონს და იცი რომ გაუხარდება.

როცა გინდა, რომ საღამოობით, ისე როგორც მაშინ, დაგიჯდეს და გთხოვოს დაუკრა მისი საყვარელი სიმღერა.

გინდა რომ საყვარელი სერიალი გქონდეთ და ცხარე კამათით განიხილავდეთ  ერთფეროვანი შინაარსის რომანებში მოთხრობილ სიყვარულის ერთფეროვან მაგალითებს.

რომ წარმოვიდგენ, როგორ გავჭორავდით ჩემს თაყვანისმცემლებს, მეღიმება.

მერე მეტყოდი ალბათ ვყოფილიყავი უფრო დამთმობი და მზრუნველი საყვარელი ადამიანების მიმართ.

თუმცა ვიყავი მასეთი: შენ სანამ იყავი ჩემთან, ვიყავი.

გახსოვს ჩვენი კარის თავზე მერცხალმა რომ ბუდე გაიკეთა?

როგორ უვლიდი და ელაპარაკებოდი,

მას მერე აღარ მოსულა ის მერცხალი. ისე ველოდები ხოლმე მთელი აპრილი, ველი ჯიუტად, შვიდი წელია.

მიყვარს აპრილი, ყოველთვის მგონია შენი გულიდან წამოსული მზე მათბობს მაშინ.

აპრილი, და არა მარტი, დედა.


დღეს სტატიას ვკითხულობდი პირადი სივცრცის თეორიაზე და იმაზე, თუ რამდენად არასასიამოვნოა როცა არასასურველი პიროვნება შენს ინტიმურ ზონაში (რომელიც 15-45სმ-ის მანძილზე ვრცელდება) დაუკითხავად შემოდის. ამ მიზეზით ყოფილა გამოწვეული ის, რომ ვერ ვიტან როცა უნებურად მეხებიან, ან არც ისე ახლობელი გადაკოცნას მოინდომებს, ან ვინმე დაჟინებით მიყურებს. ამ ბოლოზე განსაკუთრებული ალერგია მაქვს. თვალებში ჩახედვა ჩემთვის ძალიან ინტიმური თემაა, შემიძლია სახლშიც კი შავი სათვალით ვიჯდე, ოღონდაც თვალებში არავინ ჩამხედოს :\

ხოდა იმას გეუბნებოდით, რომ როცა შენს ინტიმურ პირად სივრცეში შენი ნებართვით უშვებ ვინმეს იმისთვის რომ აკოცო,  მოეფერო, ჩაეხუტო, (ან მოუღიტინო :)) სადღაც ტვინში ხომ გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები? )) მე ალბათ ენერგო ვამპირი ვარ, რადგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ჩახუტების დროს, ვივსები, გული მიჩქარდება ❤

ეჰ რა ჯობია საყვარელ ადამიანებს რომ ეხუტები :უზერ:

ძველი მეგობარი შემხვდა ამასწინათ, მომიკითხა-მოვიკითხე, ცოტა წავიჭორავეთ და უცებ მივხვდი, რომ ჩემი ხელი ხელში ეჭირა. თავიდან დავიძაბე, მე ხომ ფხუკიანი ვარ 🙂 მერე მივეჩვიე და მესიამოვნა.)) თან ხელებს შორის ქონდა ჩემი ხელი მოქცეული და მეფერებოდა) ვიგრძენი როგორ გადმოდიოდა კეთილი რაღაცეები ჩემს ძარღვებში და გამიხარდა, რომ არსებობდა ეს ადამიანი ქვეყანაზე.

არსებობს ორად ორი არსება, (ან სამი :P)  რომლებსაც ვეხუტები და ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. აქედან ერთი ჩემი 2წლის დეიდაშვილია, მეორე ჩემი ფისო და მესამე ზი ბესთ მეგობარი)).

რა თქმა უნდა მე ნაღდი სითბოს გაზიარებაზე მაქვს ლაპარაკი და არა იმაზე, ვიღაც რომ აფერისტულად გეტმასნება. ძნელი არაა ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა და გამიჯვნა.

ხანდახან სრულიად უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში სერიოზულ თემებზე გვაფიქრებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაიძულებენ იყო ბოროტი და არიან ადამიანები, რომლებთან სულ მცირე დროის გატარების მერეც კი ხვდები, რომ გაცილებით უკეთესია, იყო თბილი და მოსიყვარულე.

ხოდა მე, როგორც მონდომებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე ვიყო თბილი! სამწუხაროდ ეს არ ეხება ყველას, მე იმდენად ცივის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ ჯობია ჯერ მართლა ვინც მიყვარს იმ ადამიანების მიმართ “დავთბე”, და მერე დანარჩენებზეც გადავალ თუ ძალა მეყო:)

484331_449354145129100_440718598_n

ლექსი დაწერილია რამდენიმე თვის წინ, არის სრულიად გულწრფელი და სპონტანური:) რა თქმა უნდა ყავს ადრესატი, რომელმაც დაიწუნა (შეშურდა მასზე კარგი ლექსი რომ გამომივიდა და იმიტომ :P)

სითბოს გაზიარებაც ერთგვარი ნიჭია, როცა მზე ხარ და სხვებს ათბობ (სუნ). ხოდა ნუ დაგენანებათ საყვარელი ადამიანებისთვის იყოთ მზეები, გაათბეთ სხვები და გათბით თქვენც! ❤


კაფე ,,ამორა-ში” ვარ_გავუგზავნე სმს..

მინდოდა პირველი მე მოვსულიყავი, ამიტომ დათქმულზე ნახევარი საათით ადრე უკვე აქ ვარ. რამდენიმე დამამშვიდებელი დავლიე უკვე,რამდენიმეს საუბრის დროს მოვასწრებ. 5 წელი ველოდე ამ დღეს, და დღეს არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, უაზროდ ვზივარ და ვკანკალებ, ხელები გაყინული და სველი მაქვს,გული მეწურება,ღრმად ვცდილობ ვისუნთქო, არადა არ მინდოდა სიგარეტის კვამლში გახვეული დავხვედროდი,მომიწევს..ეს ადგილი იმიტომ მიყვარს რომ მაღალი სკამებია, ვერც გვერდზე და ვერც წინ მჯდომი ვერ დაგაკვირდება თუ ძალიან არ მოინდომა, ყავა შევუკვეთო თუ დაველოდო?

რა უნდა ვუთხრა, ღმერთო, რომ ვერ შევიკავო თავი რა ვქნა მერე? არ მინდა მისი ნახვა, აღარ მინდა, ავდგები და წავალ ეხლა..

არა, ვერ წავალ, როგორ უნდა წავიდე, ან  როგორ უნდა დავხვდე, როგორ დავჯდე? ტირილი მინდა.

რატომ ავიჩემე მისი ნახვა, რატომ? მოვა და რა, არც არაფერი, რას მეტყვის, მომენატრე, მინდა ერთად ვიყოთ და საერთოდაც მოდი დავქორწინდეთო? ჰაჰ ქეთუსია, ჰაჰ!

რა მალე გადის დრო, ნეტა დააგვიანდეს..მეშინია.

_ჭიქით ცოტა წყალი მომიტანეთ თუ შეიძლება,

_ახლავე.

ესეც მორიგი აბი…ჰუჰ ჰუუუჰ. ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ.

ეს არის? ვაიმე ეს არის?? 5წელი გავიდა თუ 10?? რა სჭირს მის თმას?

აქეთ–იქით იყურება, მეძებს.

ვდგები და ვუყურებ, დამინახა,თავი დახარა და წამოვიდა.

ვჯდები ვანიშნებ რომ დაჯდეს, თვალებში არ ვუყურებ, როგორ ხარ?

_კარგად ქეთ, შენ?

_მაააგრად… ვცდილობ გავიღიმო.

ყურები მეწვის.

აი ხომ ვთქვი არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკოთ მეთქი.. როგორ შეცვლილა, ძლივს ვიცანი, თვალები აქვს ისევ ისეთი, მოუსვენარი და ბრდღვიალა ცისფერი.

_ისევ ნახევარი საათით ,,გამოგიშვეს” როგორ 5წლის წინ?

_უჰ, არა.

_ხოოო…. სხვა?

_სხვა რავიცი.. მომისმინე ქეთ, მოდი ყველაფერს გეტყვი რაც ამდენი წელიც უნდა მეთქვა, ნუ, გითხარი მაგრამ ასე პირისპირ არ მითქვამს.

რა კარგია რომ ვიცი რაც უნდა მითხრა და წინასწარ შეგუებულიც ვარ, გაგიკვირდება და წინასწარ პოსტიც კი დავწერე იმაზე თუ რას მეტყოდი დღეს..

_შენ იცი რომ მე ძალიან ვნანობ ყველაფერ იმას რაც მოხდა, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე.

სიგარეტს უკიდებს, გაფითრებულია..

_დამშვიდდი რენე, ძალიან გთხოვ, არ გინდა, მე ყველაფერი ვიცი და მესმის, მოდი არ ვილაპარაკოთ ამაზე, მომიყევი რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი.

_ეჰ ქეთ, რავიცი აბა, არაფერი, ვმუშაობ და ვარ რა.. კარგი არ ვილაპარაკოთ, მე ძალიან მიჭირს მაგაზე ლაპარაკი და შენი არ ვიცი..

_არაუშავს, იმაზე ვილაპარაკოთ რაზე ლაპარაკიც არ გიჭირს

_ანუ?

_ანუ ზღვაზე =) აბა შენ რა გეგონა?

_ზღვაზე კი ბატ..

_ზღვაზე არა, გადავიფიქრე, ცოლი როდის მოგყავს?

ვეკითხები, ვიღებ სიგარეტს, ნერვიულად ვუკიდებ და სახეში ვაბოლებ თან თვალებში ვუყურებ, მინდა მიხვდეს რომ მძულს.

_ ვინ? ცოლი? რად მინდა ცოლი?

ხუმრობს ბიჭი.

როგორ მინდა ეხლა ეს ყავა სახეში შეგასხა და სამუდამოდ დაგამახინჯო. მაგრამ ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მერე თავის მოკვლა მომიწევს.

მე კი სიცოცხლე მინდა, მიუხედავად იმისა, რომ 5წელი ტყუილად გელოდე და არამგონია როდესმე შენზე ფიქრისგან დავიხსნა თავი.

_ რატომ ეწევი? გავნებს.

_მე ბევრ რამეს ვაკეთებ უარესს, რაც მავნებს. და საერთოდ, შენ არ გკიდია მე რა მავნებს და რა არა? რა საჭიროა ეს უაზრო ლაპარაკი, შენ მე გკიდივარ და არ გინდა რომ ბედნიერი ვიყო. ამიტომ გაჩუმდი რა.

_ახლიდან ნუ დაიწყებ ქეთ რა.

_იცი რა მინდა? მინდა რომ საერთოდ გაქრე, მინდა რომ არასოდეს აღარ გავიგო შენი სახელი, მინდა რომ ჩემს ახლობლებს, ვისაც შენთან კონტაქტი აქვთ, თავი შეაძულო რომ აღარ გახსენონ. კიდევ მინდა რომ ცოლი რაც შეიძლება მალე მოიყვანო, მოიყვანო ის, ვისაც აგირჩევენ, გემოვნება არ დაეწუნებათ შენებს, შენც დაისვენებ და მეც.

თავიდან გაოცებული მიყურებს, მერე თვალს მარიდებს.

ხომ გაიგე რაც გითხარი? მინდა რომ ასე გააკეთო და გააკეთებ კიდეც, იმიტომ რომ შენ ყოველთვის სხვის ჭკუაზე დადიხარ, ერთის მხრივ მომწონდა ეს, მაგრამ ცუდი ისაა, რომ შენ მარტო ჩემს კიარა, ყველა იმ ადამიანის ჭკუაზე დადიხარ, ვისაც შენთვის ბრძანებების მოცემა არ ეზარება.

როცა გელაპარაკები თვალებში მიყურე!

სახეზე ხელს ვკიდებ და თავს ჩემკენ ვატრიალებინებ, თბილი კანი აქვს, ძალიან თბილი…ხელს ლოყაზე ვუსვამ და თვალებზე ვეფერები. თვალებს ხუჭავს და კბილებს ერთმანეთს აჭერს, ღმუილის მსგავსი აღმოხდა.

_ვიცი რომ გიყვარვარ, და ზუსტად ამიტომ მძულხარ ახლა ყველაზე მეტად. იცი მე ვაპირებ დავთანხმდე ერთ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ვიცი რომ არ მიმატოვებს მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ მისი მშობლები ჩემზე.

მე შენზე ძალიან დიდი დრო დავკარგე, ნამდვილად დაკარგულად ვთვლი ამ დროს, შენ არარაობა ხარ, საერთოდ არ ვიცი აქ რატომ მოვედი.

ლაჩარო.

ვდგები და ტუალეტისკენ მივდივარ, არ მინდა ცრემლები დაინახოს და ვერც დაინახავს. თვალების შეღებვა ახლიდან მომიწევს, სულ ჩამომერეცხა.

გამოვდივარ და ჩვენი მაგიდისკენ მივდივარ

წასულა..

ჩემს ფინჯანზე ქაღალდის ხელსახოცი დევს, ზედ წერია :

,,ჩვენ პირველები არ ვართ ამ უსამართლო სამყაროში, მიყვარხარ”..


მე 21წლის ვარ, შენ 20 ის. (მგონი პედოფილი ვარ). ჩვენ სამი წელია ვმეგობრობთ, შენ ჩემი ყველაზე ყველაზე ხარ. არ ხარ ამ სტატუსის ღირსი მაგრამ ხარ. ჩვენ ორივე მბრძანებლები ვართ. ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს და გვძულს ერთმანეთი ერთნაირი ძალით. ჩვენ ვატარებთ საუკეთესო დროს ერთად. ჩვენ ვცხოვრობთ ერთმანეთით. დავდივართ ყველაგან ერთად, ვაკეთებთ ყველაფერს ერთად. მე მაინც მგონია რომ ეს ჩემი დამსახურება.

მე მიკვირს რატომ მითმობ და მპატიობ ამდენ რამეს ამდენი წელი.

იცი მე ახლა ყველაზე მეტად შენზე მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ ჯერ ისევ მტკივა.

და იმიტომ რომ შენი ნათქვამი ,,მიყვარხარ” ყველაზე გულწრფელად ჩავთვალე.

და მაშინ,როცა ჩვენ ყველაზე კარგად ვართ, როცა ვფიქრობ რომ შენ ხარ ის, ვინც ჩემია და მე მისი, იმ დროს როდესაც შენ ჩემი სიზმრები გიკავშირდება, იმ დროს როდესაც შენ ლექსებს მიძღვნი, მაშინ როდესაც შენ ტირი იმიტომ რომ მოგენატრე, მაშინ როდესაც მე მეღიმება შენი სურათის ყურებისას, მაშინ როდესაც ვაპირებ თვალებში ჩაგხედო კოცნის დროს,

შენ მე მღალატობ.

შემდეგი, თუ შეიძლება, ცხოვრებავ!

შენ-პირველი

Posted: ნოემბერი 3, 2011 in მე მე მე
ტეგები:

მე 17 წლის ვარ. შენ 18 ის. ჩვენ ბავშვები ვართ. ჩვენ ბავშვურად ცხვირს ვიბზუებთ ერთმანეთზე. მე პირველად გხედავ შენს აგარაკზე, სადაც მე და ჩემი დეიდა შენი სტუმრები ვართ, არ მომწონხარ, ნერვიულად დადიხარ და ბუზღუნებ.

ერთ კვირაში ინგლისურის გამოცდის ქულას ვიგებ, ძალიან ვბრაზდები საკუთარ უნიჭობაზე (87ქულა) და ტირილს ვიწყებ. შენ ჩემს ოთახში შემოდიხარ და ჩემს დამშვიდებას ცდილობ.

მეორე დღეს მთხოვ, რომ უფრო ხშირად გაგიღიმო ხოლმე.

მესამე დღეს შენ ჩემზე ზრუნვას იწყებ, ხელჩაკიდებული დაგყავარ ტყეში აღმართებზე, თუმცა იცი რომ დაუხმარებლადაც მშვენივრად ვივლი.

მეოთხე დღეს მიყვარხარ.

მერე რა ხდება აღარც კი მახსოვს… ჩვენ ერთი თვე ვართ ერთად, გვძინავს გვერდიგვერდ ოთახებში, მთელ დღეებს ერთად ვატარებთ, თითქოს სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო..

ერთი თვის შემდეგ მე სახლში ვბრუნდები, შენ რჩები…17წელი ის ასაკია როდესაც ყველაფერი ერთად გენგრევა თავზე და სამყარო გძულს. ერთადერთი რასაც ვნანობ ის არის რომ შენ იცოდი რომ ამ დამხობილ სამყაროში შენ გამო მიხაროდა სიცოცხლე. ეს არ უნდა გცოდნოდა.

ხუთი წელი გადის მაs მერე. და მე ვხვდები, რომ ყველაფერი იქ უნდა დამთავრებულიყო,ერთი თვის შემდეგ, დღეს შენც უფრო ბედნიერი იქნებოდი და მეც.


გქონიათ მსგავსი შეგრძნება როცა ნანობ იმას რომ ხშირად არ ეუბნებოდი შენს საყვარელ ადამიანს რომ გიყვარს?

მე მქონია და ეს ერთადერთი რამეა რასაც ვერ გამოვასწორებ.ეს არ არის ისეთი შეგრძნება რომელიც ხანდახან მოგივლის და თავს შეგახსენებს,ეს ის გრძნობაა რომელიც სულ ტვინშია და ტრიალებს,ბურღავს,გაიძულებს თავი ცუდად იგრძნო.

იქნებ რომ სცოდნოდა როგორ მიყვარს უფრო მეტი მონდომებით ებრძოლა სიცოცხლისთვის? იქნებ უფრო მეტი ძალა შემატებოდა ჩემი სითბოთი,ჩემი სიყვარულით?იქნებ რომ მეთქვა როგორ მიყვარს უფრო ბედნიერი მომკვდარიყო..

მე ვფიქრობ ამაზე და ვხვდები რომ ქვეყნად კიდევ არიან დარჩენილი ადამიანები რომლებიც მიყვარს,ვზივარ და ვფიქრობ,რა მოხდება ერთ დღეს ისინიც რომ დავკარგო?

გიფიქრიათ ამაზე?მე მიფიქრია რამდენიმე ადამიანის სიკვდილზე,იმათზე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს,მიფიქრია ამაზე შიშით, კანკალით, გულშეღონებულს და შეშფოთებულს. და მერე უცებ გამჩენია სურვილი რომ ის ადამიანი ჩემ გვერდზე ყოფილიყო რომ მაგრად ჩავხუტებოდი.

მიყვარხარ_რას გრძნობთ როცა ამ სიტყვას გეუბნებიან? გრძნობთ თავდაჯერებულობას,კმაყოფილებას,სიხარულს,სითბოს,სიმშვიდეს, კიდევ რას?

აქვს ამ სიტყვას მაგიური ძალა? ჩემი აზრით აქვს. ,,ისედაც ხომ იცის რომ მიყვარს”_ეს არის ვითომ თავის მართლება, რის გამოც მე ძალიან უბედური ვარ.ასეთი აზროვნება კლავს. მე მკლავს იმაზე ფიქრი რომ აღარ შემიძლია ვუთხრა როგორ მიყვარს,როგორ მჭირდება,როგორ მინდა რომ ცოცხალი იყოს და ჩემთან იყოს.

,,ნუ გეშინია,არ მოვკვდები”_ ეს იყო ბოლო სიტყვები რაც მე მან მითხრა სანამ გონებას დაკარგავდა.მეც დავუჯერე,მჯეროდა მისი,ვიცოდი არ მიმატოვებდა,არ მიმატოვებდა მისი ნება რომ ყოფილიყო..

ნაწყენი ვარ,შენ მე მომატყუე. მომატყუე და ჩემს ხელში შენმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა.ვეძებდი,ვეძებდი ხელით ვეძებდი შენს მკერდზე მის კვალს,ვეძებდი,როგორ შეიძლება რომ გული აღარ უცემდეს–თქო,ვეძებდი,ვერ ვიპოვე,და უცებ შენი თბილი სხეული გაგრილდა..

და მე….

და მე ვერ მოვასწარი შენთვის მეთქვა,რომ მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ,რა ვქნა რომ უკვე გვიანია..

ეს არც რჩევაა,არც დარიგება,არც თხოვნა,არც ბრძანება,არც კეთილი სურვილი, ეს ჩემი ნატვრაა:

ყოველ დღე უთხარით საკუთარ დედებს,რომ გიყვართ,უთხარით რომ ყველაზე ძვირფასია თქვენთვის,უთხარით რომ ის თქვენი საყვარელი დედიკოა,უთხარით რომ ლამაზია და საყვარელი,გაუმეორეთ ეს რაც შეიძლება ბევრჯერ,უმეორეთ მანამდე,სანამ ამის საშუალება გაქვთ,გამოხატეთ თქვენი სიყვარული,გაეცით მისთვის ის ყველაზე უანგარო გრძნობა,რომელიც გულში გაქვთ.

და არც სხვები დაივიწყოთ, სიყვარული ხომ ყველას უნდა))..