Posts Tagged ‘დედის დღე’


მარტი არა, აპრილია შენი თვე: აყვავებული ხეებით და ჩიტების ჟივილ-ხივილით..

გაღიმებული მზით და მიწის სუნით გამთბარი ჰაერით.

აპრილია შენი და შენნაირი.

შენსავით თბილი, კეთილი, ღიმილიანი, მხიარული, მზრუნველი.

ხანდახან ისე ძნელია, ღმერთო,

ისე ძნელია..

როცა არ იცი რჩევა ვის ჰკითხო,

კიარადა როცა გინდა, რომ მარტო მისი პასუხი იცოდე, თორემ რჩევას ყველა მოგცემს. როცა გინდა, რომ ხანდახან გეჩხუბოს არეული ოთახის გამო, სახლში დაგვიანებისას დაგირეკოს და გკითხოს, სად ხარ, ხომ არაფერი გიჭირს.

ან შენი საყვარელი ნამცხვარი დაგახვედროს სამსახურიდან მოსულს.

როცა გეშინია და მხოლოდ მან გინდა რომ ამ შიშის შესახებ იცოდეს.

როცა გინდა, რომ უბრალოდ ქალურად დაელაპარაკო.

მოუყვე როგორ შეგიყვარდა, როგორ გაწყენინეს და დარცხვენილმა მოისმინო მისი დატუქსვა.

დღიურში იწერო მის მიერ მომზადებული სადილის რეცეპტი.

უყიდო ლამაზი წითელი ზედატანი, რომელიც შენც ძალიან მოგწონს და იცი რომ გაუხარდება.

როცა გინდა, რომ საღამოობით, ისე როგორც მაშინ, დაგიჯდეს და გთხოვოს დაუკრა მისი საყვარელი სიმღერა.

გინდა რომ საყვარელი სერიალი გქონდეთ და ცხარე კამათით განიხილავდეთ  ერთფეროვანი შინაარსის რომანებში მოთხრობილ სიყვარულის ერთფეროვან მაგალითებს.

რომ წარმოვიდგენ, როგორ გავჭორავდით ჩემს თაყვანისმცემლებს, მეღიმება.

მერე მეტყოდი ალბათ ვყოფილიყავი უფრო დამთმობი და მზრუნველი საყვარელი ადამიანების მიმართ.

თუმცა ვიყავი მასეთი: შენ სანამ იყავი ჩემთან, ვიყავი.

გახსოვს ჩვენი კარის თავზე მერცხალმა რომ ბუდე გაიკეთა?

როგორ უვლიდი და ელაპარაკებოდი,

მას მერე აღარ მოსულა ის მერცხალი. ისე ველოდები ხოლმე მთელი აპრილი, ველი ჯიუტად, შვიდი წელია.

მიყვარს აპრილი, ყოველთვის მგონია შენი გულიდან წამოსული მზე მათბობს მაშინ.

აპრილი, და არა მარტი, დედა.

დეე

Posted: მარტი 3, 2012 in მე მე მე
ტეგები:,

ესეც ჩვენ…22წლის წინ..ჩემი მეორე ზამთარი,არა,პირველი გააზრებული ზამთარი:)
აი,თოლი ,ელზა_ასე ვიძახდი თურმე:)
ერთხელ სკოლაში დამრიგებელმა დაგვავალა დაგვეწერა პატარა თემა საკუთარ დედებზე.მე დავწერე რომ დედაჩემი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანია-მეთქი..მასწავლებელს გაეცინა,ყველა ბავშვისთვის მისი დედაა ყველაზე ლამაზი და საყვარელიო.ისე გული დამწყდა რომ არ დამიჯერა…
მისალოცებს ყოველ 3 მარტს ვუწერდი დედას,ის კი ინახავდა სათუთად, დაფარულ ადგილას..მისი სიცოცხლის ბოლო დღემდე ერთად გვეძინა საწოლში,17წლის ვიყავი და მაინც მის გვერდზე ძილს,მისი მშვიდი სუნთქვის მოსმენას და ნაზ სუნს არაფერი მერჩივნა.
მისალოცებში ვუწერდი ლექსს,ყვავილებს ვხატავდი და ბოლოში ჩემს სახელს მივაწერდი,თითქოს ისე არ იცოდა ვინ მიულოცა:)
მე მასზე არასოდეს ვლაპარაკობ წარსულ დროში,ამიტომ ამ დღესაც ისე მივულოცავ თითქოს ჩემ გვერდით იყოს:
მიუხედავად იმისა,რომ ჩემს დამრიგებელს არ დაეჯერა რომ შენ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ხარ,მე მაინც ასე ვფიქრობ და ყოველთვის ასე იქნება.მე შენთვის დედიკო არასოდეს დამიძახია,არც ის მითქვამს ხშირად თუ როგორ მიყვარხარ.ამაზე მარტო მაშინ იწყებ ფიქრს როცა აანალიზებ რომ ის სხვაგანაა და შენ სხვაგან.ეს ერთადერთი რამეა რასაც ვნანობ,სხვა არაფერი. გილოცავ დედის დღეს, სადაც არ უნდა იყო მე ისევ შენი შვილი ვარ,ისევ ისე(უფრო მეტადაც) მიყვარხარ და შენ ისევ ჩემი დედა გქვია..