მოდი, უბრალოდ დაგივიწყებ.

Posted: იანვარი 31, 2014 in მე მე მე

გაზეთის ბოლო გვერდზე, ნეკროლოგის სვეტში ხომ წაგიკითხავთ “ამდენი წელი გავიდა უშენოდ”, “როგორ აკლიხარ შენს შვილებს”, “ცრემლი არ გვიშრება”…..

ტყუილია ეგ ფრაზები, არ დაიჯეროთ, ვისაც ენატრება იმას თავი არ აქვს რომ გაზეთში აქვეყნოს მსგავსი შინაარსის პოსტები. აი მე ბლოგზე ვაქვეყნებ და ეს თითქმის იგივეა რაც გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგი.

უბრალოდ მე ცრემლები დიდი ხანია აღარ მდის.

ტკივილი იცით როგორი რამეა? აი ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე ანეგდოტზე იცინო რამდენჯერაც მოგიყვებიან იმდენჯერ? მოყოლას რომ დაიწყებენ თავიდანვე გააწყვეტინებთ და ეტყვით “ვიცი ეგ”. იგივეა ტკივილზეც, თანდათან აღარ გეტირება და ბოლოს სრულიად უემოციოდაც შეგიძლია ისაუბრო.

ჰო, ძლივს, 8 წლის მერე, უემოციოდ, ხანდახან.

წუხელ სახე ვეღარ აღვიდგინე წამიერად, დამავიწყდა როგორ გამოიყურებოდა, ქერა იყო თუ შავგრემანი, გამხდარი თუ მსუქანი, მომღიმარი თუ გაბრაზებული. წამიერად ვერ აღვიდგინე და არც გამიკვირდა: ამდენი წელი ვცდილობდი ყველაფრის დავიწყებას, კარგია თუ ცოტათი მაინც გამომივიდა.

რა აზრი აქვს ისეთი რამის გახსენებას რაც სიცოცხლეს გიწამლავს? აბა ვის უნდა შემეკამათოს, მოდი, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე:

რამდენიმე იგივე თემატიკის პოსტი მაქვს ადრეც დაწერილი, ამ თემაზე ახალს ვერაფერს დავწერ, ახალი მკვდრებთან არაფერი ხდება.

უბრალოდ 8 წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამესიზმრა, იმდენჯერ ან ცუდად იყო, ან სახლიდან გარბოდა, ვერ მცნობდა, არ უნდოდა ჩემთან ყოფნა.

იცის ვინმემ ეს რა გრძნობაა?? სიკვდილს უტოლდება, კოშმარია და თან მეორდება. ბოლოს რომ დამესიზმრა ორი ადამიანი იჭერდა და მაინც იწევდა დასარტყმელად, მიყვიროდა, ვეზიზღებოდი.

მანამდე რომ დამესიზმრა, ჩემს სახლთან ახლოს აღმოვაჩინე რომ ცხოვრობდა, მარტო იყო, მობილური ჩამაწერინე რომ დაგირეკო მეთქი ვეხვეწებოდი, არ მომცა. დამპირდა მოვალო, მოვიდა და მეორე დღეს გაიპარა სახლიდან. მე კიდე დავწანწალებდი გულმოწურული და ვეძებდი, დავძრწოდი და ვეძებდი.

იმის წინ კიდევ ავად იყო, კვდებოდა_მეორედ. და მე ვიცოდი რაც მელოდა ისევ ახლიდან, აღარ მინდოდა, გავრბოდი რომ აღარ დავსწრებოდი იმ მომენტს, აღარ მინდოდა.

და ასე უსასრულოდ, 8 წელი.

სახლში რაიმე ნივთს რომ გადაადგილებენ, მე ვაპროტესტებ: ყველაფერი ისევ ისე უნდა იყოს როგორც მის დროს! ამაზე უკეთ თქვენ ვერ გააკეთებთ. მე ისევ ვინახავ მის პომადას და აბაზანის ღრუბელს. ისევ თავის ადგილას დევს ორივე.

სარკიდან ხანდახან მისი სახის იერი მიყურებს და ვშინდები, მერე თითებზე ვიყურები და აქაც იგივე. მერე ერთ ჩემს ხელს მეორეს ვკიდებ, დავუშვათ ერთი ჩემია, მეორე მისი.

მე ამას  იმიტომ არ ვწერ რომ ვინმეს შევეცოდო, ო ღმერთო მაგაზე მეტად არაფერი მძულს. არც იმიტომ ვწერ რომ ვინმეს რამე გავახსენო, ცრემლი ვადინო, დავასევდიანო.

იქნებ იმიტომ ვწერ, რომ იმედი მაქვს სამოთხეში ბლოგებს კითხულობენ.

ახლა გასაგებია რატომაა შვება მისი დავიწყება??

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s