Archive for იანვარი, 2014


გაზეთის ბოლო გვერდზე, ნეკროლოგის სვეტში ხომ წაგიკითხავთ “ამდენი წელი გავიდა უშენოდ”, “როგორ აკლიხარ შენს შვილებს”, “ცრემლი არ გვიშრება”…..

ტყუილია ეგ ფრაზები, არ დაიჯეროთ, ვისაც ენატრება იმას თავი არ აქვს რომ გაზეთში აქვეყნოს მსგავსი შინაარსის პოსტები. აი მე ბლოგზე ვაქვეყნებ და ეს თითქმის იგივეა რაც გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგი.

უბრალოდ მე ცრემლები დიდი ხანია აღარ მდის.

ტკივილი იცით როგორი რამეა? აი ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე ანეგდოტზე იცინო რამდენჯერაც მოგიყვებიან იმდენჯერ? მოყოლას რომ დაიწყებენ თავიდანვე გააწყვეტინებთ და ეტყვით “ვიცი ეგ”. იგივეა ტკივილზეც, თანდათან აღარ გეტირება და ბოლოს სრულიად უემოციოდაც შეგიძლია ისაუბრო.

ჰო, ძლივს, 8 წლის მერე, უემოციოდ, ხანდახან.

წუხელ სახე ვეღარ აღვიდგინე წამიერად, დამავიწყდა როგორ გამოიყურებოდა, ქერა იყო თუ შავგრემანი, გამხდარი თუ მსუქანი, მომღიმარი თუ გაბრაზებული. წამიერად ვერ აღვიდგინე და არც გამიკვირდა: ამდენი წელი ვცდილობდი ყველაფრის დავიწყებას, კარგია თუ ცოტათი მაინც გამომივიდა.

რა აზრი აქვს ისეთი რამის გახსენებას რაც სიცოცხლეს გიწამლავს? აბა ვის უნდა შემეკამათოს, მოდი, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე:

რამდენიმე იგივე თემატიკის პოსტი მაქვს ადრეც დაწერილი, ამ თემაზე ახალს ვერაფერს დავწერ, ახალი მკვდრებთან არაფერი ხდება.

უბრალოდ 8 წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამესიზმრა, იმდენჯერ ან ცუდად იყო, ან სახლიდან გარბოდა, ვერ მცნობდა, არ უნდოდა ჩემთან ყოფნა.

იცის ვინმემ ეს რა გრძნობაა?? სიკვდილს უტოლდება, კოშმარია და თან მეორდება. ბოლოს რომ დამესიზმრა ორი ადამიანი იჭერდა და მაინც იწევდა დასარტყმელად, მიყვიროდა, ვეზიზღებოდი.

მანამდე რომ დამესიზმრა, ჩემს სახლთან ახლოს აღმოვაჩინე რომ ცხოვრობდა, მარტო იყო, მობილური ჩამაწერინე რომ დაგირეკო მეთქი ვეხვეწებოდი, არ მომცა. დამპირდა მოვალო, მოვიდა და მეორე დღეს გაიპარა სახლიდან. მე კიდე დავწანწალებდი გულმოწურული და ვეძებდი, დავძრწოდი და ვეძებდი.

იმის წინ კიდევ ავად იყო, კვდებოდა_მეორედ. და მე ვიცოდი რაც მელოდა ისევ ახლიდან, აღარ მინდოდა, გავრბოდი რომ აღარ დავსწრებოდი იმ მომენტს, აღარ მინდოდა.

და ასე უსასრულოდ, 8 წელი.

სახლში რაიმე ნივთს რომ გადაადგილებენ, მე ვაპროტესტებ: ყველაფერი ისევ ისე უნდა იყოს როგორც მის დროს! ამაზე უკეთ თქვენ ვერ გააკეთებთ. მე ისევ ვინახავ მის პომადას და აბაზანის ღრუბელს. ისევ თავის ადგილას დევს ორივე.

სარკიდან ხანდახან მისი სახის იერი მიყურებს და ვშინდები, მერე თითებზე ვიყურები და აქაც იგივე. მერე ერთ ჩემს ხელს მეორეს ვკიდებ, დავუშვათ ერთი ჩემია, მეორე მისი.

მე ამას  იმიტომ არ ვწერ რომ ვინმეს შევეცოდო, ო ღმერთო მაგაზე მეტად არაფერი მძულს. არც იმიტომ ვწერ რომ ვინმეს რამე გავახსენო, ცრემლი ვადინო, დავასევდიანო.

იქნებ იმიტომ ვწერ, რომ იმედი მაქვს სამოთხეში ბლოგებს კითხულობენ.

ახლა გასაგებია რატომაა შვება მისი დავიწყება??

Advertisements

საერთოდ,ოცნებებში ძალიან მოვიკოჭლებ.

რაზე შეიძლება იოცნებო 24წლის საშუალო შემოსავლის (და ზოგადად ყველაფერი საშუალოს მქონე) გოგომ?

რაზე და რაც შეიძლება მეტი ლაივის მოსმენაზე! 🙂

მაშინ,როდესაც მე ვასახელებ ჩემს ფავორიტ ჯგუფებს,

ვიწყებ roger waters-ით,

ვაგრძელებ archieve-თი,

ვასრულებ Loudspeakers-ით.

ამ ზაფხულს უოტერსის ლაივზე რომ ვიყავი კი გავაგებინე მთელ ქვეყანას, რა ვქნა, სხვანაირად  არ შემეძლო ))

ამ ოცნების ასრულებას მუქი შინდისფერი დაკრავდა. ჩემი შინდისფერი ოცნება ასრულდა.

archieveს დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს წლებში მოვუსმენ, ფერების აღქმა მიღებულ განცდებს მოაქვს, ანუ აქ ფერებზე საუბარი ჯერ ადრეა.

მანამდე კი მინდა ჩემი ბედნიერების მესამე მუსიკალურ გასაღებზე,  “ხმამაღლამოსაუბრეებზე” მოგიყვეთ.

ამ ბიჭებზე უკვე დიდი ხანია ჩახვეული ვარ, შეიძლება სუბიექტური აზრია, არ ვიცი..უბრალოდ მე მიყვარს ის, რასაც ქმნიან, მე არ მბეზრდება მათი მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი მუსიკა. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია ))

მაგრამ თუ უოტერსის ლაივი პირველი და უკანასკნელი იყო ჩემთვის და არასოდეს აღარ მექნება იგივეს მოსმენის შანსი,

სამაგიეროდ ვიცი,რომ აქვე, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქთან ახლოს არსებობს ოთხი ნიჭიერი ადამიანი,რომლებსაც საოცარი უნარი აქვთ გადმომცენ თავისი ემოცია, მელაპარაკონ მელოდიით, მაგრძნობინონ მუსიკის ხარისხი, დამანახონ რა კარგია ცხოვრება და კიდევ ერთხელ მითხრან:I don’t wanna die, I wanna hundred years of life)) მინდა რომ არც ერთი მათი ლაივი არ გამოვტოვო არასდროს, არასდროს, არასდროს!

მაშინ როდესაც დეკემბრის თვის მიწურულს მე წესით ჰოსპიტალში უნდა ვმჯდარიყავი და ავადმყოფი მამისთვის ღამე მეთია, მე  მაგთი კლუბში ვიყავი ლაივის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დარჭობილი და მოუსვენრობის და მოუთმენლობის ისეთი ძლიერი შეგრძნება მქონდა, რომ ლამის თავად ჩავატარე კონცერტი 🙂

მაინც რა ხდის ამ ჯგუფს ასეთ სასურველს? არ ვიცი, ალბათ ნიჭი, მუსიკის სიყვარული, სოლისტის უუმელოდიურესი ხმა და გულიდან წამოსული სიმღერის ტექსტები.

მომეწონა ახალი კომპოზიციები, მოვიხიბლე მეტალის ელემენტებით მისამღერებში ^_^

კონცერტის დაწყებისთანავე  we are ready to dance-ო ყვიროდა ყველა,

მაინც ხომ არ გაგიშვით მაგის შეუსრულებლად! 😛

დავიცალე ყველანაირი ემოციისგან, კარგიც დამავიწყდა და ცუდიც!

ვიმღერე, ვიცეკვე, ვიხტუნე, ვიყვირე, დავლიე, გავერთე, ვიცინე, ვიმხიარულე, დავტკბი, გავთბი, დავიმუხტე ❤

ყოველი წელი უნდა სრულდებოდეს ასე და ყოველი დღე უნდა იწყებოდეს ამის გახსენებით! 🙂

გისურვებთ წარმატებებს, თქვენი სცენაზე პირველი გამოჩენიდანვე გგულშემატკივრობთ, ამდენი წელია მოგყვებით, იმედებს არ მიცრუებთ და უფრო ძლიერდებით.

ბიჭებო,დიდი ხანია ალბომის ჩაწერის დრო დაგიდგათ!

მანამდე კი მინდა, რომ ეს ჯგუფი გაცდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს:

http://apps.facebook.com/arenalsound_bandas/

დაალაიქეთ აპლიკაცია და დააჭირეთ ENTRAR-ს. ამის შემდეგ, ქვევით, ჯგუფების ჩამონათვალში მოძებნეთ LOUDspeakers და დააჭირეთ ღილაკს VOTAR.

იი ვსე, თქვენი მისია ამ ჯგუფის განვითარების და გაპოპულარიზების საქმეში შესრულებულია!

და ისევე როგორც მე აგვისტოში უოტერსის ბოლო ლაივზე ვიღვრებოდი ცრემლებად და ვიცოდი რომ ლეგენდას ვუსმენდი,

მინდა, რომ მომავალმა თაობებმა მოისმინონ ბებერი ლევანის ხმა წლების შემდეგ უფრო დიდი სცენიდან და იცოდნენ, რომ მათ წინაშე ყველაზე მაგარი, უძლიერესი, აწ უკვე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქართული ბენდი დგას.))

თქვენ ჩემი მრავალჯერადად ახდენილი და ფერადი ოცნება ხართ.

პ.ს: შარშან ჩემი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტზე დიდი იმედი მქონდა რომ დაუკრავდნენ, თუმცა არ მოხერხდა.. ჯგუფის სოლისტს მინდა შევახსენო, რომ პირობა აქვს დადებული 2014 წლის 1 ივნისს ჩემს ღონისძიებაზე ერთ-ერთი და ერთადერთი იყოს! :))

994100_714536098570386_407552564_n