Archive for ნოემბერი, 2013


ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო ამ ქალაქის სწორი დასახელება: სტამბული, სტანბული, ისტანბული, სტამბოლი თუ ვაბშეც კონსტანტინოპოლი და მორჩა!

მე სტამბოლს ვუწოდებ, თქვენ რომელი ვერსიაც მოგწონთ, ის იგულისხმეთ..

პირველად ამ ქალაქში 5წლის წინ მოვხვდი, მაშინდელი ვიზიტიდან არანაირი შეგრძნებები არ გამომყვა, ჩემთვის ეს იყო უბრალოდ უცხო ქვეყანა, სადაც თითქმის “საქმიანი” ვიზიტით ჩასულმა გავაკეთე რაც მევალებოდა და რამდენიმე დღეში დავბრუნდი უკან.

როგორც ჩანს მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემშიც და სტამბოლშიც. არ მოვყვები რიგირთი ტურისტისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანებით თუ რაოდენ სტუმართმოყვარე ქალაქია,  რა უზარმაზარი და მრავალფეროვანია იქაურობა და საერთოდ, ცალკე სამყაროა. როგორ ხმაურობს (არ გუგუნებს, უბრალოდ ხმაურობს). ალბათ ეს განსხვავებაა ევროპულ და აზიურ ქალაქებს შორის_მგონია რომ აქ უფრო მეტი სილაღეა, უფრო მეტი თავისუფლება და ქაოსი.

დადიხარ, დაბოდიალობ, იყურები აქეთ-იქით, სვამ სტარბაქსს და ტაქსიმის მსუბუქ დინებას მიყვები, არსად  გეჩქარება, არაფერზე ფიქრობ, ამინდი ფანტასტიური, ყველა გიღიმის, სადაც არ უნდა შეხვიდე ყველა გესალმება..

ქუჩები_ფერადი, ხალხი_ფერადი, განწყობა_ფერადი, მუსიკა ყველგან, დადიხარ და მუსიკა დაგყვება..

არ მინდოდა პოსტის დაწერა სტამბოლიდან ჩამოსვლისთანავე, დრო რომ გადის, შეგრძნებები და მოგონებები იფილტრება და მხოლოდ ნამდვილი რაც იყო ის რჩება. ხოდა ალბათ დადგა ეგ დროც.

ისე კი სტამბოლში ყოფნის მთავარი მიზეზი იყო სულ სხვა რამ, საერთოდ  საერთოდ სხვა რამ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავიჯერებდი ვინმეს რომ აქამდე ჩემთვის ეთქვა, ,,იცი შენ 04/08/13ში იდგები ტექ. უნივერსიტეტის სტადიონზე და სცენაზე იქნება ადამიანი, რომლის ლაივში მოსმენაზე ვერც კი იოცნებებდი ვერასდროს”_ხო, ასე მოხდა..

993978_635826859774644_1691390162_n

შეიძლება სტამბოლის ნახვის ემოციები დაცხრა და მოყოლაც შემიძლია, მაგრამ აი the wall live-ზე ჯერ ისევ ვერ ვლაპარაკობ. უბრალოდ ვიდექი სცენასთან საკმაოდ ახლოს  2 საათი გაუნძრევლად და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი (რა კარგად ჩაჯდა 🙂 ). ლაივი რომ დამთავრდა, მე ისევ ისე ვიდექი, ამჯერად უკვე ვტიროდი და არ არსებობდა დედამიწაზე სხვა არაფერი იმ წუთას ჩემთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც სცენაზე ვნახე.

ეხლა უკვე ყველაფერი მენატრება: ჩვენი პატარა სასტუმრო, ღამის 3 საათზე ჩემ მიერ აივნიდან ნამღერი “დიბიდი დიბიდი და”, ტაქსიმი, მაღაზიების მეპატრონეების მიერ განებივრებული უპატრონო ფისოები, ქუჩის მუსიკოსები, ხიდის ქვეშ შემწვარი უგემრიელესი თევზის გემო, ორიგინალური ნაყინის გამყიდველი, ტყავის საოცარი ჩანთების გამოფენა-გაყიდვა, სუფთა ქუჩები და გემრიელი სამზარეულო, მომღიმარი პერსონალი ყველგან (!) და ჩემი გაუთავებელი ბოდიალი მაღაზიებში.

ძალიან მინდოდა პატარა გარეუბნებში გავლა, ცოტა უფრო რეალურთან მიახლოვებული თურქული ყოფის ნახვა, იმიტომ რომ ადგილები, სადაც მე დავდიოდი იყო მხოლოდ ქალაქის ცენტრი, ჩანდა მხოლოდ ის, რისი ჩვენებაც  უნდოდათ თურქებს აბეზარი ტურისტებისთვის.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქს არ სძინავს. გავსულვართ ღამის 5ზე ქუჩაში და ზუსტად იმდენივე ხალხი გვხვდებოდა გარეთ, რაც შუადღეს დავტოვეთ. ხანდახან უფრო მეტიც, იმიტომ რომ საპროტესტო აქციები იყო 🙂 ორჯერ მოვყევით დარბევაში მე და ჩემი მეგობარი და ბოლოს მივხვდით  რომ არ უნდა გავქცეულიყავით არსად, ჩვენ არ მოგვდევდნენ 🙂

იყო რაღაცეები,რითაც მოვიხიბლე და პირიქით.

მომეწონა კვების ობიექტებში შეკვეთილ კერძამდე მორთმეული უფასო მადაზე მოსაყვანი რაღაცეები 🙂

მხიარული  და ზრდილობიანი გამყიდველები, რომლებიც ხვდებოდნენ რომ მათ ხასიათზე და ვიზუალზე იყო მათი შემოსავალი დამოკიდებული და ხანდახან მზად იყვნენ ნახევარ ფასში გაეწიათ მომსახურება, იყო ეს რესტორანი, ბაზარი თუ მაღაზია.

უპატრონო ცხოველებისადმი დამოკიდებულება: თითქმის ყველა მაღაზიის წინ იდგა მათთვის საჭმელი და წყალი. არც წიხლებს ურტყამდათ ვინმე და არც ადუღებულ წყალს ასხამდა.

არ მომეწონა თურქი მამრების ამჩატებული ხასიათი მას შემდეგ, რაც გაიგებდნენ, რომ ქართველი ხარ. თუმცა ყველამ იცის რომ ეს მათი კიარა ქართველების ბრალია. (აქ რა მოსატანია, მაგრამ ერთი შვეიცარიელი მიყვებოდა რომ მის ქვეყანაში არის პოლიციის  განყოფილება, რომელიც მხოლოდ ქართველ კრიმინალებზე მუშაობს.)

ხოდა ასე იყო,წამოვედი სტამბოლიდან იმ დიდი იმედით, რომ ოდესმე კიდევ დავბრუნდები ამ ქალაქში და კიდევ ერთხელ შევიგრძნობ ემოციების იმ ნაზავს, რომლითაც ვიკვებები აგერ უკვე რამდენი თვეა..

This slideshow requires JavaScript.

Advertisements