Archive for მარტი, 2013


საერთოდ პოსტებს უცებ ვწერ ხოლმე, დიდ ხანს არ მეფიქრება, ვერ გავხსნი ცარიელ ფურცელს და ვერ დავიწყებ ფიქრს,რა დავწერო-მეთქი,

თავისით უნდა მოვიდეს სიტყვები,ან მე თვითონ გავიგონო,საკუთარ თავზე გამოვცადო,  სადმე  წავიკითხო და დამაფიქროს ამ თემაზე,

შესაბამისად განვავრცობ მერე პოსტში.

დღესაც ასე ხდება, ვიღაცამ იკითხა რა არისო ურთიერთობა, რა არის და

როცა მე და შენ ერთმანეთს თვალებში როგორც იქნა ჩემი ფხუკუნის გარეშე ვუყურებთ,

როცა ხელს მკიდებ და ვგრძნობ როგორ ვთბები,

როცა ჩემი გასაჭირი გულთან მიგაქვს და მირჩევ როგორ მოვიქცე,

როცა ჩვენ გარშემო ყველა ერთმანეთს იცნობს,

როცა მე შენზე ვფიქრობ, შენ კი ამას გრძნობ.

როცა ვიცი, რომ არ ვარ მარტო და როცა შენც იცი ეს.

როცა მე შენზე ზრუნვას ვიწყებ,

პატივს გცემ,

ჩემს თვალში ფასი გედება, როგორც პიროვნებას,

როგორც მამაკაცს და არა ბიჭს.

როცა ჩვენთვის ტაბუ არ არსებობს,

და როცა ამაში ვნება ერევა.

როცა ჩემი რომანტიული სურვილები შენ გიკავშირდება,

და ჩემი მოთხოვნილება ხდები,

როცა წარმოდგენა იმისა, რომ არსებობს ვიღაც სხვა_ჩემში იმხელა ტკივილს იწვევს, რომ შემიძლია დანით დავისერო სხეული და არაფერი ვიგრძნო.

როცა შენზე ვფიქრობ და 20წლის მერეც გხედავ.

როცა შენ იცი რაც ვარ და როგორიც ვარ,

და მაინც აქ ხარ.

ლხინშიც და

ჭირშიც.

აი ესაა ურთიერთობა.

ნეტა როდისმე მექნება მსგავსი გრძნობის განცდის შანსი?

Advertisements

memories never die

Posted: მარტი 4, 2013 in მე მე მე

გაზაფხული ყველაზე რთულად გადასატანი პერიოდია ხოლმე ჩემთვის,

წელსაც ასეა.

იანვრიდან მოყოლებული ვგრძნობ ხოლმე, რომ ვირევი: არ ვიცი რა მინდა, რა ვაკეთო, რა შევცვალო, რანაირად გავაგრძელო ცხოვრება.

იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი, მარტის დასაწყისი, აპრილის ბოლო_ ყველაზე მძიმე პერიოდები.

ბლოგსაც ეტყობა და მიზეზიც ნათელია: მოგონებები_ რომლებთან გამკლავებაც ვერაფრით ვერ ვისწავლე.

მინდა რომ დამავიწყდნენ, სამუდამოდ.

tumblr_mj3ffoXtsp1rkfygyo1_500_large


მარტი არა, აპრილია შენი თვე: აყვავებული ხეებით და ჩიტების ჟივილ-ხივილით..

გაღიმებული მზით და მიწის სუნით გამთბარი ჰაერით.

აპრილია შენი და შენნაირი.

შენსავით თბილი, კეთილი, ღიმილიანი, მხიარული, მზრუნველი.

ხანდახან ისე ძნელია, ღმერთო,

ისე ძნელია..

როცა არ იცი რჩევა ვის ჰკითხო,

კიარადა როცა გინდა, რომ მარტო მისი პასუხი იცოდე, თორემ რჩევას ყველა მოგცემს. როცა გინდა, რომ ხანდახან გეჩხუბოს არეული ოთახის გამო, სახლში დაგვიანებისას დაგირეკოს და გკითხოს, სად ხარ, ხომ არაფერი გიჭირს.

ან შენი საყვარელი ნამცხვარი დაგახვედროს სამსახურიდან მოსულს.

როცა გეშინია და მხოლოდ მან გინდა რომ ამ შიშის შესახებ იცოდეს.

როცა გინდა, რომ უბრალოდ ქალურად დაელაპარაკო.

მოუყვე როგორ შეგიყვარდა, როგორ გაწყენინეს და დარცხვენილმა მოისმინო მისი დატუქსვა.

დღიურში იწერო მის მიერ მომზადებული სადილის რეცეპტი.

უყიდო ლამაზი წითელი ზედატანი, რომელიც შენც ძალიან მოგწონს და იცი რომ გაუხარდება.

როცა გინდა, რომ საღამოობით, ისე როგორც მაშინ, დაგიჯდეს და გთხოვოს დაუკრა მისი საყვარელი სიმღერა.

გინდა რომ საყვარელი სერიალი გქონდეთ და ცხარე კამათით განიხილავდეთ  ერთფეროვანი შინაარსის რომანებში მოთხრობილ სიყვარულის ერთფეროვან მაგალითებს.

რომ წარმოვიდგენ, როგორ გავჭორავდით ჩემს თაყვანისმცემლებს, მეღიმება.

მერე მეტყოდი ალბათ ვყოფილიყავი უფრო დამთმობი და მზრუნველი საყვარელი ადამიანების მიმართ.

თუმცა ვიყავი მასეთი: შენ სანამ იყავი ჩემთან, ვიყავი.

გახსოვს ჩვენი კარის თავზე მერცხალმა რომ ბუდე გაიკეთა?

როგორ უვლიდი და ელაპარაკებოდი,

მას მერე აღარ მოსულა ის მერცხალი. ისე ველოდები ხოლმე მთელი აპრილი, ველი ჯიუტად, შვიდი წელია.

მიყვარს აპრილი, ყოველთვის მგონია შენი გულიდან წამოსული მზე მათბობს მაშინ.

აპრილი, და არა მარტი, დედა.